გამომცემლობა “სახე(ლ)ებმა” პატრიარქი ნომინაციაში – ,,ეროვნული იდენტობის გამომხატველი სახელი“ – დააჯილდოვანოემბერი 27, 2018

გამომცემლობა ,,სახე(ლ)ებმა“, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოვებს გამორჩეულ ადამიანებს, წელს, გამომცემლობის 15 წლის იუბილეზე 26 ნოემბერს, ყოველწლიურად დაჯილდოებულთა და ,,საუკუნის სახელების“ გარდა, გამორჩეული ნომინაციებიც წარმოაჩინა.

საპატრიარქოს ვებგვერდის ინფორმაციით, სრულიად ახალი, განსაკუთრებული ჯილდო ნომინაციაში ,,ეროვნული იდენტობის გამომხატველი სახელი“ The New York Time-ის საერთაშორისო გამოცემა Turning Points-თან ერთად ,,სახე(ლ)ებმა“ მიანიჭეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.

მათგანვე სპეციალური პრიზი ,,შემწყნარებლობის იდეალების პოპულარიზაციისთვის“ გადაეცა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.

გამომცემლობა ,,სახე(ლ)ების“ მიერ დაწესებული ,,საუკუნის სახე(ლ)ების“ პრიზი მიიღეს: კომპოზიტორმა გია ყანჩელმა, ენათმეცნიერმა მზექალა შანიძემ, კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა, ფერმწერმა და სცენოგრაფმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა, მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა.

ასევე დაჯილდოვდა  წიგნის ეროვნული ცენტრი უცხოეთში (დეა მეტრეველი)  და „წლის ოჯახის ექიმი” მარიამ მალაზონია.

გამომცემლობა ,,სახე(ლ)ები“ საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად იწყებს სოციალურ საქმიანობას, – უმწეო მოხუცებულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ინტეგრირებული სახლის, – ,,ბედნიერების სახლის“ მშენებლობას.

ამ მიზნით, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქომ გამოყო ტერიტორია ოქროყანასთან და მისმა უწმინდესობამ პირველი შეწირულობაც გაიღო. სახლის მშენებლობისთვის გამართულ აუქციონზე სხვა ნივთებთან ერთად, გაიტანეს მისი უწმინდესობის მიერ საჩუქრად გადაცემული საწერი კალამი, რომელიც 8100$ გაიყიდა.