პატრიარქი – ემოციური ხალხი ვართ – დამარცხებულმა არ სცნო გამარჯვებულინოემბერი 30, 2018

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე ეხმაურება პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პოზიციას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას არ აღიარებს. ამის შესახებ უწმინდესმა დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის დროს განაცხადა.

,,არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია ჩვენთან, რადგან ემოციური ხალხი ვართ. დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა,“ – ბრძანა პატრიარქმა.

,,ჩემი პირადი შეხედულება გახლავთ, – განაცხადა ელჩმა – რომ საქართველომ უნდა გადალახოს ეს. დემოკრატია თავის თავში გულისხმობს როგორც გამარჯვებას, ასევე დამარცხებას და ვფიქრობ, რომ ბრძენმა ლიდერებმა, რომლებიც ზრუნავენ თავის ქვეყნაზე და ასევე ზრუნავენ თავისი პარტიის გრძელვადიან წარმატებაზე, უნდა აღიარონ ეს“ – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

როგორც ცნობილია, 23 ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძარში, წირვის შემდეგ, პატრიარქმა ქადაგებისას ტაძარში მყოფ საპრეზიდენტო კანდიდატებსაც მიმართა, რომ ისინი ღირსეულად შეხვდებიან გამარჯვებასაც და დამარცხებასაც:

“მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, ის არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული” – აღნშნა პატრიარქმა.