პატრიარქი – მინდა ვთხოვო ყველას, შეუარაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთსდეკემბერი 9, 2018

მინდა ვთხოვო ყველას – მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, – ამის შესახებ დღევანდელი ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ხალხი ერთმანეთს არ დაუპირისპირდება.

„ვის შეუძლია სხვისი სიმძიმე იტვირთოს? შეუძლია ადამიანს, რომლის სული და გონება და გული განმსჭვალულია ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რელიგიით. არის შემთხვევა, როდესაც უჭირს ადამიანს ტვირთვა სხვისი სიმძიმის. იმ შემთხვევაში, როდესაც კეთილდღეობა ახლავს ადამიანს, უფრო მძიმე ყოფილა იტვირთო სიხარული სხვისი ვიდრე მწუხარება. მწუხარებას უფრო ადვილად იტვირთავ და სიხარულს უფრო მძიმედ. აი ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ განვვლეთ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეს იყო გამოცდა ჩვენი ერის. ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. ეს ძალიან საწყენია. ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია ერთი ხმითაც მეტი, რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს. მე მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი. ღმერთი არის სიყვარული და სიყვარულს და სიკეთეს, რომელსაც გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. ურთიერთსიმძიმე იტვირთეს და ესრედ აღასრულეთ სჯული ქრისტესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს. ისევ აიკეთე, ისევ სიყვარული, ისევ სიმშვიდე უნდა სუფევდეს ერში”,- განაცხადა პატრიარქმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ასევე მიიჩნევს, რომ მოსახლეობა პრეზიდენტის ინაუგურაციას ღირსეულად შეხვდება.

„მომავალ კვირას არის ინაუგურაცია პრეზიდენტის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად”,- განაცხადა პატრიარქმა