მიტროპოლიტი პეტრე პატრიარქის შესახებ: ჩემში საბოლოოდ დაინგრა მითი მისი “მწყემსი კეთილობის” შესახებდეკემბერი 28, 2018

27 დეკემბერს, საბოლოოდ, პირადად ჩემთვის, დაიმსხვრა მითი პატრიარქის „მწყემსი კეთილობის“ შესახებ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მეუფის თქმით, მისი სურვილი იყო სინოდის სხდომაზე დაეყენებინა მოთხოვნა „ციანიდის საქმეზე“ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

„სინოდის სხდომაზე ჩვენ შეგვეძლო პირდაპირ გვემსჯელა, როგორც საეკლესიო სასამართლოს, ე.წ. ციანიდის საქმეზე“. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვალდებულია თავისი სამოციქულო მისია შეასრულოს – იყოს პირდაპირი, ამხილოს უსჯულოება და დაგმოს ის. სინოდის სხდომაზე კომისიის შექმნამდე არ მისულა საქმე. როგორც კი დავაყენე უდანაშაულო მღვდლის საკითხი, მითხრეს, რომ უკრაინის თემის ამოწურვის შემდეგ გადავიდოდნენ სხვა საკთხებზე. ეს „სხვა საკითხებიც“ რომ ამოიწურა, მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი; პატრიარქი წამოდგა, შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ და სინოდის სხდომის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის გვერდით მყოფ მღვდელმთავარს, რითაც მიმაჩნია, რომ დათვური სამსახური გაუწიეს მას და დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის „მწყემსი კეთილობის“ შესახებ პირადად ჩემთვის, რადგან  სახარების მიხედვით, მღვდელმთავარი გაიგივებული უნდა იყოს მწყემსთან, რომელიც მზად არის სული დასდოს ცხვართათვის“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.