მეუფე პეტრე საპატრიარქოში კრიზისზე საუბრობს და მეუფე იაკობის განცხადებაზე ეღიმებადეკემბერი 31, 2018

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოში არსებულ კრიზისზე საუბრობს და საეკლესიო სასამართლოს აღდგენას ითხოვს. ​ამის შესახებ განცხადება მეუფე პეტრემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას გააკეთა.

მღვდელმთავარი წმინდა სინოდის უმოქმედობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მღვდელმთავრები დიდი ხანია ვეღარ აგვარებენ ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებს.

„სინოდის სხდომები მთავრდება და პასუხგაუცემელი შეკითხვები რჩება და პრობლემებიც კი არათუ აღმოფხვრილი და მოგვარებული, ზოგჯერ უფრო მეტად გაღრმავებულია, ეს მიუთითებს, რა თქმა უნდა, კრიზისულ მდგომარეობაზე. ვინაიდან სინოდის სხდომები არსებულ პრობლემურ საკითხებს ვერ აგვარებს და არ წყდება, მაშინ, აუცილებლად უნდა იყოს ორგანიზებული დიდი საეკლესიო კრება,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.

ტელეკომპანიასთან საუბრისას ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა არაადეკვატური განცხადება უწოდა ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ შს მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერობას არ დაუშვებს. ჭყონდიდის მიტროპოლიტი “კურიერთან” საუბრისას ამბობს, რომ მეუფე იაკობის სიტყვები ღიმილისმომგვრელია.

„ღიმილის მომგვრელია მუქარას, რაც შეეხება და მინდა გითხრათ, რომ მუქარის ეშინია მხოლოდ ადამიანს, რომელსაც არ აქვს შიში ღვთისა. განცხადებები გუშინ მოსმენილი  ბოდბელი ეპისკოპოსისა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რა არასახარბიელო მდგომარეობაში, სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფება თავად და ასევე საპატრიარქო, რომლის სახეც არის ის ამ შემთხვევაში, როგორც ქორეპისკოპოსი. მეუფემ ისაუბრა ძალიან არაადეკვატურად, როგორც სასულიერო, ისე საერო თვალსაზრისით,“ – აცხადებს მეუფე პეტრე.

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბობს, რომ თუ გიორგი გახარია პრემიერი გახდება, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება.