საპატრიარქო პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებსიანვარი 6, 2019

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საპატრიარქო საკუთარ პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხისას განუცხადა. “სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას. როდის იქნება განხილვა, არ ვიცი”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

სტამბოლში უკრაინისთვის ტომოსის მინიჭების ცერემონია გაიმართა. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მსოფლიო პატრიარქმა ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტი უკრაინის ეკლესიის მეთაურს, ეპიფანეს გადასცა. ისტორიული ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. ტომოსის გადაცემის შემდეგ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ და უკრაინის ეკლესიის მეთაურმა ეპიფანემ.

შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი გუშინ მოაწერა. ტომოსის მინიჭების გადაწყვეტილება მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 11 ოქტომბერს მიიღო.