7 იანვარს ტრადიციული ალილო გაიმართებაიანვარი 6, 2019

7 იანვარს, ტრადიციულად, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე, საშობაო ალილოს მსვლელობა დაიწყება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოში განუცხადეს, ალილოს მსვლელობა ტრადიციულად დეკორაციების გამოყენებით გაიმართება. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. საბოლოდ კი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება.

ამასთან, მსვლელობას ერთი ჯგუფი გამოეყოფა, რომელიც ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივა, სადაც მათ საჩუქრებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადასცემს. ალილოს მონაწილეები ასევე რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდებიან, შემდეგ თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან, სადაც მათ დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ტკბილეულით დახვდებიან. მონაწილეთა ჯგუფი “კონკადან” საპატრიარქოში შევა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს.

ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს მოსახლეობაც გადასცემს. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები შემდეგ ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.