პროტოპრესვიტერი: “წმინდა სინოდი იხელმძღვანელებს მხოლოდ კანონიკური განწესებით”იანვარი 8, 2019

უკრაინა არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყანა და ბუნებრივია ამ დამოკიდებულებით ყველა პატივს ვცემთ უკრაინას, მაგრამ არის წმინდა წყლის საეკლესიო კანონი და ასეთ შემთხვევაში წმინდა სინოდი იხელმძღვანელებს მხოლოდ და მხოლოდ კანონიკური განწესებით, – ასე უპასუხა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, თუ რას დაეყრდნობა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით წმინდა სინოდის გადაწყვეტილება. მისი თქმით, სინოდის გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ კანონებს, რაც არის ეკლესიისთვის დადგენილი კანონები როგორც უცვალებელი სჯულის და მოძღვრების განმსაზღვრელი.

რაც შეეხება იმას, თუ რას ამბობს საეკლესიო კანონი ამ საკითხთან დაკავშირებით, სასულიერო პირის თქმით, ამის შესახებ წმინდა სინოდი ისაუბრებს მას შემდეგ, რაც შეისწავლის ტომოსს, რომელიც გამოქვეყნებულია.

„დღეს საქართველოს ეკლესიას ჰყავს უაღრესად განათლებული მღვდელმთავრები ამ საკითხებში. წმინდა სინოდი არის უაღრესად კომპეტენტური. დარწმუნებულები ვართ, რომ წმინდა სინოდი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება დაეფუძნება იმ საეკლესიო კანონებს, რომელიც არის მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა საეკლესიო კრებაზე როგორც ერთადერთი და ყველაზე არსებითი განმსაზღვრელი ასეთ საკითხებში გადაწყვეტილების მისაღებად“, – აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არის მხოლოდ წმინდა სინოდის კომპეტენცია და რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დაიკავა ერთადერთი სწორი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში -„არ შეიძლება რამე განაცხადი გაავრცელოს ან გააკეთოს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ან პარლამენტის თავმჯდომარემ ისეთ საკითხზე, რაც არის წმინდა წყლის საეკლესიო საკითხი“.

„სანამ არ იქნება სინოდის გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ვერც პრემიერ-მინისტრი და ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ მისცემენ საკუთარ თავს უფლებას, განაცხადონ იმის შესახებ, დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

საზოგადოებაში თანდათანობით განმტკიცდა და გაიზარდა ცოდნა ეკლესიის შესახებ. ეს პატრიარქის მოღვაწეობას უკავშირდება. მისი უდიდესი ღვაწლია იმაში, რომ საეკლესიო ცნობიერება ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო მეტად იზრდება. ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია უშუალოდ საეკლესიო საკითხზე, რომელიც უნდა გადაწყდეს ყოველთვის კანონიკური ნორმების დაცვით, ეკლესიის უცდომელობა რაშიც ვლინდება, ეს არის დიდი საეკლესიო სჯულის კანონი, რითაც ეკლესია მოქმედებს. ამდენად, საქართველოს მართმლმადიდებელ ეკლესიას ღვთის ნებით სათავეში ჰყავს პატრიარქი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში. საქართველოს ეკლესიას ჰყავს კომპეტენტური წმინდა სინოდი. დღეს ძალიან ბევრი ღირსეული მღვდელმთავარია საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში და ბუნებრივია, მთელმა ერმა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს უფლება წმინდა სინოდის კომპეტენცია მიიტაცოს. ყველა შეგნებული ადამიანი, საეკლესიო ცნობიერების ადამიანი, ელოდება პასუხს წმინდა სინოდისგან, რადგან ეს არის საეკლესიო საკითხი. ამდენად, უაღრესად სწორი და მართებული იყო პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, რომ ისინი არ შედიან იმ საკითხების განხილვაში, რაც მათ კომპეტენციას სცილდება. ეს არის საქართველოს წმინდა ეკლესიის წმინდა სინოდის კომპეტენცია“, – აღნიშნა პროტოპრესვიტერმა.