ვითარების გამძაფრების თავიდან აცილების გამო, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღება არ მიულოცაიანვარი 11, 2019

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისთვის ადვილი იყო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მილოცვა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან საკუთარ თავზე არ აიღო იმის პასუხისმგებლობა, რომ არსებული სიტუაცია გაემძაფრებინა.

პრეზიდენტის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რა საფრთხეებზეა საუბარი და მისი მხრიდან ამ ყველაფერზე ხაზგასმა სწორი არ იქნება.

„ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, რომელიც პირადად ჩემთვის და მე მგონი, ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მომავალში. ჩვენთან ეს არის დამოუკიდებლობის საწინდარი, ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, სადაც საუკუნეების მანძილზე სწორედ ეკლესია იყო წინა პლანზე და ეკლესია ქმნიდა სახელმწიფოს სიძლიერეს, ასევე მისი განვითარების საწინდარს ყველა მხრივ. თუმცა ეს არ არის უკრაინის ისტორიული გამოცდილება. ჩვენ სხვადასხვანაირი ქვეყნები ვართ და ერთნაირი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ ეს მნიშვნელობა ყველასთვის არსებობს. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინელი ხალხისთვის მილოცვა ამ ავტოკეფალიის, რადგან ეს არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს მე, როგორც ადამიანი არ გესაუბრებით, მე ვარ პრეზიდენტი და მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვინაიდან ქართული ეკლესია და საპატრიარქო ამ საკითხზე ფრთხილობენ, ისიც ასე უნდა მოიქცეს. „მე მგონია, რომ ეკლესია და საპატრიარქო ჩემზე ნაკლებად არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ასევე თუ საპატრიარქო და ქართული ეკლესია ფრთხილობს, რაღაც შედეგების გამო, რომელსაც მე არ მინდა ხაზი გავუსვა, არ შეიძლება, რომ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლებად პასუხისმგებლიანი. ჩემთვის მილოცვა ადვილი იყო, მაგრამ არ გავაკეთე, რადგან არ მაქვს უფლება, რომ ავიღო ეს პასუხისმგებლობა ამ საკითხების გამო. არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ ყველამ იცის, რა საფრთხეები შეიძლება იყოს. მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ არსებული სიტუაცია გავამძაფრო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.