თეიმურაზ ბუაძე: “ფრთხილად უნდა ვიყოთ, რუსებმა ამ ჭაობში არ ჩაგვითრიონ”იანვარი 13, 2019

პროფესორი, თეოლოგი თეიმურაზ ბუაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე უკრაინის ავტოკეფალიასთან მიმართებაში საქართველოს პოზიციის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ შედეგის უგულებელყოფა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უზარმაზარი დიპლომატიური შეცდომაა. ამავე პოსტში ავტორი რუსეთის ეკლესიის მოსალოდნელ სქიზმაზეც საუბრობს:

“უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება მხოლოდ რელიგიური შინაარსის მქონე აქტი არაა. პუტინის რუსეთთან ომის კონტექსტში უკრაინელი ხალხი და მათი პრეზიდენტი ამ მოვლენას ნაციონალური იდენტობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების პოლიტიკურ აქტადაც აღიქვამს. სწორედ ამიტომ მიულოცა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ის უკრაინას (მით უფრო, როდესაც ამერიკის მთავრობას კონსტიტუცია პირდაპირ ავალდებულებს ინდიფერენტული იყოს წმინდად რელიგიური ხასიათის მქონე აქტების მიმართ). რაკი უკრაინის ავტოკეფალიის ცნობას ასეთი დიდი პოლიტიკური შემადგენელი და რეზონანსი აქვს, მინიმუმ უზარმაზარი დიპლომატიური შეცდომაა ჩვენი პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ მისი უგულებელყოფა და უკრაინელი ხალხისადმი ოფიციალური მილოცვის არ გაგზავნა. ჩვენ ასე ვკარგავთ დიდ მოკავშირეს პუტინის რუსეთის წინააღმდეგ, რომელთანაც, ასე ვთქვათ, თავად პოლიტიკურმა ბედისწერამ დაგვაკავშირა. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ნეიტრალიტეტის” პოზიცია, რომელიც ასე უპასუხისმგებლოდ აირჩია ჩვენმა მთავრობამ, აბსოლუტურად უპერსპექტივოა პოლიტიკური თვალსაზრისით; პოროშენკო მალე პოლიციური ძალების გამოყენებით გამოყრის უკრაინის ეკლესია-მონასტრებიდან კირილეს მომხრე ყველა მღვდელმსახურს, მათ უკვე ყავთ მათ მიერვე არჩეული ეკლესიის მეთაური. სხვა რაღაა ავტოკეფალია?! ჩვენი მთავრობა არ ცნობს უკვე აღსრულებულ ფაქტს, განა ეს გონივრულია?! ეკლესიისგან განსხვავებით, ჩვენ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს იმის მომიზეზებაც კი არ შეუძლია, რომ ტომოსი ჯერ არ წაუკითხავს და მისი კანონიკური ანალიზი არ გაუკეთებია.
ახლა, რაც შეეხება სხვა საშიშროებას, რომლის წინაშეც ვდგავართ. პუტინს და კირილეს საბჭოთა კავშირის დარღვევის ფსიქოლოგიური მიუღებლობა აქვთ. ისინი რუსული იმპერიის რღვევადაწყებულ კედლებთან დგანან და ბოღმით ივსებიან. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ადრე თუ გვიან ბელორუსია და სხვებიც მიყვება… პუტინს და კირილეს პოლიტიკური და საეკლესიო ინტრიგებისა და ცილისწამებების გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ. ამან დიდი შანსია რუსეთის ეკლესია სქიზმამდე მიიყვანოს. სქიზმა ჭაობს გავს, რაც უფრო ფართხალებ, მასში მით უფრო ეფლობი. რუსი თეოლოგები რაც უფრო მეტ “კანონიკურ არგუმენტებს” შეთხზავენ უკრაინის ავტოკეფალიის წინააღმდეგ, მით უფრო მიუახლოვდებიან ჭაობის ნაპირს. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამ ჭაობში არ ჩაგვითრიონ.” – წერს თეიმურაზ ბუაძე.