19 იანვარი ნათლისღების დღესასწაულიაიანვარი 18, 2019

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე, დაიწყებს.

წირვის დასრულებამდე, სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში, წყალკურთხევის წესი შესრულდება, რომლის დროსაც უწმინდესი სამების ტაძრის ეზოში წყალს აკურთხებს. მსახურების ბოლოს, მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმ. სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”.