“წმ. ნინო გამოეცხადა და უთხრა, რომ დღესაც დავდივარ და ვქადაგებ სახარებას საქართველოშიო”იანვარი 27, 2019

წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ წირვა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლინა.
წმინდა ნინოს ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს – ბრძანა პატრიარქმა. მან მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა და დღევანდელი დღე მიულოცა. უწმინდესმა წმინდა ნინოს შესახებ იქადაგა.

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს – ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მინდა გავიხსენო აფხაზეთში ჩემი ყოფნის დრო. იქ უდაბნოში მოღვაწეობდნენ სასულიერო პირები. ხშირად ჩამოდიოდნენ ქალაქში და მიყვებოდნენ, თუ როგორ ცხოვრობდნენ უდაბნოში. ერთ მონაზონს ჰქონდა ასეთი ჩვენება: წმ ნინო გამოეცხადა და უთხრა მას, რომ დღესაც დავდივარ და ვქადაგებ სახარებას საქართველოშიო. ეს დღესაც გრძელდება. ღვთის მადლით წმინდა ნინო არ ტოვებს საქართველოს. მინდა გავიხსენო ჩემი ოჯახი. ჩვენ სახლში გვქონდა ხატების დიდი კუთხე, იქ აუცილებლად იყო სამი ხატი – საქართველოს დიდება, მამა ღმერთი და წმინდა ნინოს ხატი. მე მქონდა ასეთი ჩვენება. მყავდა უფროსი ძმა თეიმურაზი. ახალგაზრდა გარდაიცვალა, 28 წლის. ის გამომეცხადა. მე ვკითხე, ლოცულობდა თუ არა ჩემთვის. რა თქმა უნდა ვლოცულობო, ეს ხალხი ყველა ლოცულობსო და მიჩვენა საქართველოს დიდების ხატი. დიდება და მადლობა უფალს წყალობისთვის.

წმინდა ნინო არის კაპადოკიელი მფარველი. ჩვენ ყველას გვიკვირს ასეთი ნორჩი ახალგაზრა ქალიშვილი როგორ წამოვიდა საქართველოში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ხდება ღვთის ლოცვა-კურთხევით. ჩემი ძმა თეიმურაზი როცა გახდა ავად, მე ვიყავი მერვე კლასში. მითხრა, ირაკლი მოდი აქო, მივედი და მითხრა, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთან – წმინდა ნინო არისო. შეგვეწიოს წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.