პატრიარქი ილია II: “იმისათვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას, საჭიროა დრო”იანვარი 30, 2019

საქართველო საპატრიარქო მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტისა და მათი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:

“დღეს,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად რეზიდენციაში მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები: გალიის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ემანუელი და ანდრიანუპოლისის მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესი ამფილოქე.

როგორც მიტროპოლიტმა ემანუელმა აღნიშნა, ამ ჩამოსვლის მიზანია უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციის განმარტება და დასძინა, რომ ეს ვიზიტი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც მათი აზრის თავსმოხვევის მცდელობა, არამედ მხოლოდ პოზიციის გაცნობა. შემდეგ კი დაწვრილებით ისაუბრა ტომოსთან დაკავშირებით ა.წ 6 იანვრამდე განვითარებულ მოვლენებზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: იმისათვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას, რათა საეკლესიო ცხოვრებაში მშვიდობამ დაისადგუროს და არსებული პრობლემები გადაიჭრას, საჭიროა დრო. მეუფე ემანუელიც დაეთანხმა მას და თქვა, რომ იგი დარწმუნებულია, კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეში.

საუბრისას დაისვა კონკრეტული შეკითხვებიც, თუმცა შეხვედრას ძირითადად ზოგადი ხასიათი ჰქონდა;

მთავარი შედეგი არის შემდეგი: ორივე მხარე თანხმდება, რომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ მართლმადიდებელთა ერთობისათვის, ხოლო უკრაინის თემასთან მიმართებაში აჩქარება სიკეთის მომტანი არ იქნება” – ნათქვამია ინფორმაციაში.