დაკავებული დეკანოზის ოჯახი სასულიერო პირის ზიარების მოთხოვნით აქციას მართავსთებერვალი 4, 2019

საქართველოს საპატრიარქოსთან ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს დეკანოზის ზიარება.

„ინტეპრესნიუსს“ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა, რომ გაუარესებულია მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კონკრეტულად კი, მისი ინფორმაციით, გიორგი მამალაძეს გულთან დაკავშირებით აქვს პრობლემები. მისივე განცხადებით, მძიმეა მისი სულიერი მდგომარეობა.

„უკვე ორი წელია, ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს გარკვეული დაჯგუფებისა და მთავრობის ხელშეწყობით უკანონო პატიმრობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ვითხოვთ მის თავისუფლებასთან ერთად ზიარებას საკურნებლად სულისა და ხორცისა. მის მძიმე სულიერ მდგომარეობას ემატება ის, რომ მამა გიორგის აწუხებს გული. დაემართა დიაბეტიც და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აღენიშნება, რომელზეც საუბარი არ მსურს. ჩვენ ველოდებოდით და გვინდოდა, რომ შიგნიდან მოგვეგვარებინა ეს პრობლემა, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი დადებითი ნაბიჯი არ გადადგმულა ამასთან დაკავშირებით. ამ აქციის მოწყობა ისევ საპატრიარქომ გვიბიძგა. ჩემი ძმა არის სასულიერო პირი. მას მხოლოდ უფლის მოწყალების იმედი აქვს. ის დღემდე იმედიანადაა, მაგრამ მე ვარ ჩვეულებრივი ერისკაცი, ოჯახის წევრი, ძმა და რადიკალური ნაბიჯები გადავდგი აქციის მოწყობის სახით“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

აქციას ასევე შეუერთდა ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას, „რაც კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო ხელისუფლება და რომელიც დაამტკიცებს დეკანოზის უდანაშაულობას“.

“მამა გიორგის სულიერი მდგომარეობა არის კატასტროფული. ადამიანს, რომელიც ითხოვს ზიარებას, არანაირი უფლება არ აქვს სასულიერო პირებს, რომ ზიარებაზე უარი უთხრან. კარგად გადახედონ აღთქმასაც, სჯულის კანონსაც და კეთილი ინებონ, ეს ვალდებულებაა. ზიარება სჭირდება მისი სულიერი მდგომარეობისთვის, თორემ დანარჩენი სტრასბურგიდან რაც იქნება, ყველასთვის ნათელი მაგალითი გახდება, თუ რა უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.