დეკანოზის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოს შენობასთან კარავი გაშალესთებერვალი 4, 2019

ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოსთან აქციას მართავენ, კარვების გაშლა დაიწყეს. მათ პირველი კარავი უკვე დადგეს საპატრიარქოს მთავარ შესასვლელთან.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარება. ადგილზე იმყოფება დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებულის ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, დეკანოზს ზიარების საშუალება მიეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 24 საათის განმავლობაში აპირებენ აქციის გამართვას, ხოლო ღამეს კარვებში გაათენებენ.

„ჩვენ მთელი 2 წლის განმავლობაში ველოდებოდით საპატრიარქოს პოზიციას, ვინაიდან ჩემი ძმა უდანაშაულოა. დღეს საპატრიარქოს ვთხოვდით, რომ მოხდეს მამაოს ზიარება, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეშალა კარვები, სანამ არ აზიარებენ. აქცია იქნება 24 საათიანი“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.