მამა ნიკოლოზ გიგატაძე მსჯავრდებული მოძღვრის ზიარების მზადყოფნას გამოთქვამსთებერვალი 6, 2019

დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარი, მამა ნიკოლოზ გიგატაძე მსჯავრდებული მოძღვრის ზიარების მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომ მსჯავრდებული დეკანოზის ზიარება ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, თუმცა პასუხისმგებლობა მან უნდა აიღოს.

მისივე თქმით, ზიარება ყველა მღვდელმსახურს შეუძლია, თუ ამის აკრძალვა არ არსებობს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, დეკანოზის განმარტებით, ესეც ყველა სასულიერო პირს ეკისრება, ვინც ზიარების რიტუალს ატარებს.

“დიახ, მათ შორის მეც მზად ვარ, ვაზიარო. ალბათ, მარტო მე არ ვარ ასეთი და სხვებიც არიან. პასუხისმგებლობას ყველა მღვდელი გრძნობს, როცა აზიარებს ვინმეს. ზიარება ყველას შეუძლია, თუ რამე აკრძალვა არ არის. როცა გამოძიება მიმდინარეობდა, დეკანოზთან ჩვენ საერთოდ არ გვიშვებდნენ, ყველაფერი დახურული იყო. ზიარების სურვილი რომც ყოფილიყო, დეკანოზთან სამღვდელოებას არ გვიშვებდნენ.

ახლა უკვე კურთხევასავით გამოვიდა ეს ნებართვა, რადგან საპატრიარქომ ასეთი განცხადება გამოაქვეყნა, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია მივიდეს და დეკანოზი აზიაროს, თუ საჭიროდ ჩათვლის. ზიარებას წინ აღსარება უძღვის, როცა აღსარებას ჩაიბარებს მოძღვარი მერე გადაწყვეტს ზიარების საკითხს.

თუ არის ეს კურთხევა, რა თქმა უნდა, ვაზიარებ, თუმცა ასე უცებ ეს საკითხი არ გადაწყდება და ალბათ, რამდენიმე დღის განმავლობაში ჩამოვყალიბდები”, – განაცხადა დეკანოზმა. მან მსჯავრდებული სასულიერო პირი საპატიმროში რამდენიმე თვის წინ მოინახულა.

მამა ნიკოლოზი დარწმუნებულია ჩემი ძმის უდანაშაულობაში და მზად არის ის აზიაროს, მაგრამ ჩვენ ვერ დავაყენებთ მას დარტყმის ქვეშ, ვინაიდან მას ამის გამო დასჯიან საპატრიარქოში იმ განცხადების შემქმნელები, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა.

ის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას მუქარას უწოდებს და განმარტავს, რომ დეკანოზის ზიარებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება, ლოცვა-კურთხევის გაცემას არ ნიშნავს.