დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთზე აკრძალვა მოხსნილიათებერვალი 8, 2019

პატიმრობაში მყოფი დეკანოზის გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით აკრძალვა მოხსნილია. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ის საპატრიარქოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, სრულიად გადამეტებულია საპატრიარქოს განცხადებაზე ზაზოგადოების ნაწილის რეაქცია მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ მუქარად აღიქვეს.

„განცხადებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის მიერ არის მიღებული. საუბარია იმაზე, რომ მღვდელმსახურს შეუძლია აზიაროს. მღვდელმსახურში იგულისხმება როგორც მღვდელი, ასევე მღვდელმთავარი. ასე რომ, ამ განცხადებით ეს აკრძალვა არის მოხსნილი. რადგანაც მამა გიორგის ბრალეულობის გარშემო დამოკიდებულება არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ თავად გადაწყვიტოს იმ სასულიერო პირმა ზიარების საკითხი. რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც პასუხისმგებლობაზე არის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი სულიერი პასუხსმგებლობა, რომელსაც ესა თუ ის სასულიერო პირი იღებს, როდესაც გადაწყვეტს, ვინ აზიაროს და ვინ არა. საუბარი არ არის არანაირ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ აქ აჟიოტაჟი ზედმეტადაა შემოტანილი”, – განაცხადა მამა ანდრიამ.

საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა.