მირქმა – საუფლო დღესასწაულითებერვალი 15, 2019

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა შესრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხვალ, 10:00 საათზე დაიწყებს.

მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა “ქალწულმა მუცლად იღო” სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს თავად იხილავდა.

წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.