დეკანოზი გიორგი მამალაძე ჰოსპიტალიზებულიათებერვალი 16, 2019

მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს.

“მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18.41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე ექიმი ნევროლოგი.19.18 საათზე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია.

21.35 საათზე დაწესებულების მედპერსონალმა კვლავ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თავზე აქვს მთავარი გამოკვლევები ჩასატარებელი, როგორც გადმოცემით ვიცი, ყველაზე მეტად ამ მიმართულებით შიშობენ ექიმები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

მისი თქმით, მათ ამ ეტაპზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ, ვინაიდან კვლევები არ დასრულებულა. ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზს კვლევები თავის ტვინსა და გულზე უტარდება.

“არაფერს გვეუბნებიან, თუ რა მდგომარეობაშია. მას გამოკვლევები უტარდება გულთან დაკავშირებით. იმედია, არ იქნება მძიმე მდგომარეობა. მაგრამ ზოგადად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის რომ ამ ხნის განმავლობაში ექიმები პასუხს არ გვეუბნებიან, დამაფიქრებელია. თავზე აქვს მთავარი გამოკვლევები, რადგან როგორც გადმოცემით ვიცი, ყველაზე მეტად ამ მიმართულებით შიშობენ”, – აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.