აფხაზეთში მოქვის ტაძარი ნადგურდებათებერვალი 17, 2019

მოქვის საკათედრო ტაძარი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში მდებარეობს, ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რემონტს საჭიროებს. კერძოდ, დაზიანებულია გუმბათის მარჯვენა მხარე, ცენტრალური კედლის ზედა ნაწილი, სანიაღვრე სისტემები, ფანჯრები, კედელებს გარედან ხავსი აქვს მოდებული, თავად ტაძარში კი ნესტია.

ინფორმაცია ამის შესახებ აფხაზურ მედიაში ადგილობრივმა მღვდელთმსახურებმა გაავრცელეს.

შეგახსენებთ, მოქვის ტაძარი მეათე საუკუნეში აშენდა. იქ საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ქართული კულტურის ძლიერი კერა, სადაც მიმდინარეობდა ხელნაწერთა გადაწერა. დღემდე მოღწეულია მოქვის წიგნთსაცავის ხელნაწერები. მოქვის საეპისკოპოსო, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი განსაკუთრებით მეცამეტე საუკუნიდან დაწინაურდა. ქართულმა წყაროებმა შემოინახეს მოქველი ეპისკოპოსების სახელები, რომლებმაც დიდ ღვაწლი და ამაგი დასდეს მის სხვადასხვა ეპოქაში მის კულტურულ აღორძინებას.