სამტრედიაში 178 ხატს მირონი სდისაგვისტო 31, 2017

სამტრედიაში, სოფელ ღანირში 13 წლის ნიკოლოზ კეკელიას სახლში, უკვე ერთი წელია, ქრისტიანული სასწაულები ხდება. მის სამლოცველო ოთახში 178 ხატს სდის სურნელოვანი მირონი. მოზარდი ამის შესახებ გამოცემა «ალიას» უყვება.

  მისი თქმით, გასული წლის 2 მაისს მის სამლოცველო კუთხეში მაცხოვრის ხატმა მირონდენა დაიწყო. “მირონი გადმოვიდა მთელ ხატზე ჩარჩოდანაც, ხატი ჩავაბრძანეთ ჭურჭელში და ამის შემდეგ უხვად მოედინება მირონი. თავდაპირველად არ ვიცოდი, რა იყო მირონი და კერძოდ, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, ამიტომაც მივმართე მოძღვარს და მოძღვარმა აღნიშნა, რომ ჩემს სახლში ქრისტიანული სასწაული აღესრულებოდა. პირველი ხატიდან მირონდენის შემდეგ, 6 მაისს წმინდა გიორგის ხატმა დაიწყო მირონდენა, შემდეგ წმინდა ნიკოლოზის ხატმა და შემდეგ ღვთისმშობლის ხატმა. ამ ხატების შემდეგ სხვა ხატებმაც დაიწყეს მირონდენა. უკვე ექვსი თვეა, ჩემს ნათლობის ჯვარსაც მირონი სდის. ასევე, მირონი სდის ქვაზე ჩემი ხელით დაწერილ წმინდა ბარბარეს ხატს. დავწერე თუ არა ხატი, ორი დღის შემდეგ ქვის ხატიდანაც დაიწყო მირონდენა. კედელზე თავისით ისახება წმინდანთა ხელთუქმნელი ხატები, არის ხატები, რომლებიც პარაკლისის დროს ფერს იცვლის, ახლავს შარავანდედის და სახის გაბრწყინება და ზოგიერთ ხატზე ამჩნევენ თვალებისა და ბაგეების მოძრაობას. ჩვენს ოჯახში დაბრძანებულია 50-მდე წმინდა ნაწილი. მაგალითად: წმინდა მატრონას თავსაბურავის ნაწილები; წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტიელის ფაჩუჩის ნაწილი, გვაქვს კიდევ ფიცრის ნაწილი, რომელზეც მამა გაბრიელის ნეშტი ესვენა. ორი დიდი ჯვარი, რომელშიც არის იერუსალიმის სიწმინდეები. ეს ყველაფერი მოდის ჩემთან საქართველოში მოღვაწე ბერებიდან და, აგრეთვე, იერუსალიმში მოღვაწე ღვთისმსახურებიდან. სიწმინდეები მივიღე, ასევე, ათონის წმინდა მთიდან” – ამბობს ნიკოლოზ კეკელია.

გამოცემის რესპოდენტი აღნიშნავს, რომ ამ სასწაულის შედეგად, განიკურნნენ მძიმე ავადმყოფები, 6-7 ადამიანი გადარჩა აუცილებელ ოპერაციას, რამდენიმე ადამიანს დაუბრუნდა მხედველობა, ოთხი ინვალიდი წამოდგა ეტლიდან. ენაბორძიკებმა გამართული მეტყველება დაიწყეს. “იეღოვას მოწმეები მოინათლნენ ქრისტიანებად, იყო ერთი უშვილო მუსლიმანი და თქვა, თუ ეს მირონი შვილს მაჩუქებს, ქრისტიანად მოვინათლებიო და სამ კვირაში დაორსულებულა და მოვიდნენ ჩვენთან, უკვე მონათლულები ჯვრით გულზე. უამრავ უშვილო წყვილს მიეცა შვილი და სამი მათგანი მე მოვნათლე. როგორც მეუბნებიან, სხვების ნათლიაც უნდა გავხდე. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და დიდი სიხარულია, რომ ჩემს ოჯახში აღსრულებულმა ქრისტიანულმა სასწაულებმა ბევრ ადამიანს გაუღრმავა რწმენა.” – ამბობს ნიკოლოზ კეკელია