ინგლისში “ბრექსითისთვის” ხუთი დღე ილოცებენთებერვალი 24, 2019

ანგლიკანური ეკლესიის მეთაურმა მორწმუნეებს „ბრექსიტისთვის“ მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში, ერთობლივად ლოცვისკენ მოუწოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ამის შესახებ, მრევლს ინგლისის ეკლესიის მეთაურმა, მთავარეპისკოპოსმა ჯასთინ უელბიმ მოუწოდა. ის იმედოვნებს, რომ ქვეყნისა და დედოფლისთვის სალოცავად ინგლისში არსებული ყველა ეკლესიის ლიდერები გაერთიანდებიან.

„The Sunday Times“-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეკლესიები გაიხსნება ყველა მსურველის მისაღებად. გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარეობს დისკუსია, რომ 29 მარტის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავალობაში, ამავე მიზნით, გაიხსნას სინაგოგები და მეჩეთები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ საზოგადო ლოცვაში მონაწილეობა მიღოს ქვეყნის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელიც ანგლიკანური ეკლესიის მრევლია.

გამოცემის ინფორმაციით, მთავარეპისკოპოსმა ჯონ სენტამმა, რომელიც ინგლისის ეკლესიის რიგით მეორე იერარქია, უკვე შეიმუშავა „ბრექსითის“ ლოცვის ტექსტი, რომელიც ინგლისის ეკლესიის გენერალური სინოდის წევრებს გააცნო, რომლითაც ღმერთს სთხოვენ, გადაარჩინოს საპარლამენტო დემოკრატია.

ცნობლია, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 29 მარტს დატოვებს.