“ბავშვი ჩაისახება თუ არა, ის ადამიანია და მისი მოკვლა უნდა ისჯებოდეს კანონმდებლობით”მარტი 4, 2019

დეკანოზი დავით ისაკაძე „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ მოითხოვს, აისახოს აბორტის აკრძალვა ნებისმიერი დროის, ფაქტორის მიუხედავად, ვინაიდან, მისი თქმით, ბავშვი ჩაისახება თუ არა, ის არის ადამიანი და მისი მოკვლა უნდა ისჯებოდეს კანონმდებლობით. დეკანოზის აზრით, აბორტის შემთხვევა არც ინცესტის, ან გაუპატიურების მიზეზით არის გამართლებული. საკითხი პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.

„ეს მოსაზრება მხოლოდ ჩემი არ არის, ეს არის ეკლესიის მოსაზრება იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ბავშვის უმთავრესი, იმპერატიული უფლებაა სიცოცხლე და სიცოცხლე არა მხოლოდ დაბადებიდან. ამ კანონპროექტში სიცოცხლეზე არაა აქცენტირება. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, ამ კანონპროექტში აისახოს აბორტის აკრძალვა ნებისმიერი დროის ფაქტორის მიუხედავად (რამეთუ აქ არის მითითება, 12 კვირა, 3 კვირა თუ 1 კვირა), ვინაიდან, ბავშვი ჩაისახება თუ არა, ის არის ადამიანი, მისი მოკვლა უნდა ისჯებოდეს კანონმდებლობით. როდესაც საკუთარი დედა ხდება შვილის მკვლელი, ის არ არის დასჯის ღირსი? მას როგორღა უნდა ჰქონდეს სითბო და სიყვარული სხვა შვილის ან ნებისმიერი ადამიანის მიმართ? “ – განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

სასულიერო პირმა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვის მაგალითად რუსეთის ფედერაცია მოიყვანა, სადაც, მისი თქმით, სახელმწიფო ოჯახებს პირველივე ბავშვის გაჩენის შემთხვევაში ეხმარება.

„ჩვენ ხშირად ვაპელირებთ ჩვენს ჩრდილოელ ქვეყანაზე. მე მინდა გითხრათ, რომ მეც ვაღიარებ, რომ ეს ქვეყანა არის ოკუპანტი, მიტაცებული აქვს ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი, იმ ქვეყანაში დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დემოგრაფიულ პროცესებს. პირველივე ბავშვზე ფინანსდებიან ოჯახები. მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ მრავალშვილიანებს. რატომ არ არის ეს ჩვენთან კანონმდებლობით განსაზღვრული, რატომ არ ვეხმარებით ჩვენ მრავალშვილიან ოჯახებს, რატომ არ ვუწყობთ ხელს ახალი, ახალგაზრდა ოჯახების ხელშეწყობასა და დაფინანსებას? ასეთი საკითხები, როგორც წესი პარლამენტში არ განიხილება“, – განაცხადა მან.