საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს “ციანიდის საქმის” მასალების გასაჯაროებას სთხოვსმარტი 7, 2019

საქართველოს საპატრიარქო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ მზია თოდუას განცხადებით მიმართავს და უზენაეს სასამართლოს სთხოვს, გაასაჯაროოს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული მასალები.

„მოგმართავთ შემდეგი თხოვნით: მოგეხსენებათ, ე. წ. ციანიდის საქმეს“ ადევს გრიფით საიდუმლო, რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა.

მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე, იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას, მითუმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე, ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისადმი გაგზავნილ განცხადებაში.

***

საქართველოს საპატრიარქოს წერილს ე.წ. ციანიდის საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის ახსნის თაობაზე უზენაეს სასამართლოში ეხმაურებიან.

TIMER-ის ინფორმაციით, სასამართლოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ წერილი მიიღეს, ამ ეტაპზე საკითხი შესწავლის პროცესშია.

მათივე ცნობით, მომავალ კვირას საპატრიარქოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, მზია თოდუას დასაბუთებული წერილობითი პასუხი გადაეგზავნება.