ეკლესიასთან შეუთანხმებლად ქრისტიანული ექსპონატების მუზეუმის გარეთ გატანის თაობაზე ნორმატიულ აქტებში ცვლილება იგეგმებამარტი 7, 2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში დაცულ, მართლმადიდებლურ საეკლესიო საგანძურზე ერთობლივ ზრუნვას ითვალისწინებს.

მემორანდუმი, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული შეთანხმების (კონკორდატის) ფარგლებში ფორმდება.

შეთანხმება მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ამ მიზნით საპატრიარქოს, სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებსა და ფონდებში დაცული ქრისტიანული (მართლმადიდებლური) საეკლესიო საგანძურის აღრიცხვა-აღწერას და მონაცემთა ბაზის მომზადებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ბაზაზე წვდომა ორივე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს ექნება.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თანამშრომლობის ფარგლებში ეტაპობრივად მოსახლეობის ინფორმირება და მუზეუმში დაცული ქრისტიანული (მართლმადიდებლური) საეკლესიო საგანძურის შესახებ მასალის სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ-გვერდზე განთავსება მოხდება.

თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები საჭირო ცვლილებების შეტანას შესაბამის ნორმატიულ აქტებში უზრუნველყოფენ იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფარგლებს გარეთ ქრისტიანული (მართლმადიდებლური) ექსპონატების გადატანა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე.