პატრიარქის საკვირაო ქადაგება – ფერისცვალება ხდება ადამიანში ლოცვის შედეგადმარტი 24, 2019

ლოცვის შედეგად ადამიანში ფერისცვალება ხდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა ლოცვის ძალაზე ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, ვიდრე პატრიარქად ეკურთხებიდა.

“ყველას გილოცავთ მეორე კვირას დიდ მარხვისა. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ნათელი ქრისტესი სულ სხვა არის, ვიდრე ჩვენ ვიცით. მე მახსენდება ჩემი აფხაზეთში ყოფნის დრო პატრიარქობამდე. რუსეთიდან ჩამოვიდა ერთი ახალგაზრდა, ეროვნებით ებრაელი. შემდეგ ავიდა აფხაზეთის უდაბნოში და იქ მოღვაწეობდა. ბერები მეუბნებოდნენ, რომ საოცრება ხდებაო. ეს ახალგაზრდა ჩამოვიდა და იმდენად დიდი იყო მისი სარწმუნოება და სიყვარული, რომ როცა ლოცვებს კითხულობდა, სხვა ბერები ნათელს ხედავდნენ მის თავზე. მე მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ ვეუბნებით და არ ვუმხელთო, რომ ეს ნათელი თავზე ადგას , რათა ამპარტავნების გრძნობა არ დაეუფლოსო.

მამამისი ერთ-ერთ უნივერსიტეტში პროფესორი იყო. ის საშინელი ათეისტი იყო. ჩამოვიდა ჩემთან სოხუმში და ეძებდა თავის შვილს. მან მიამბო, თუ როგორ დაიწყო სარწმუნოებაში მოსვლა. ის ამბობდა, რომ ხელზე შემოხვეული აქვს სკვნილიო. ათეისტურ ოჯახშია გაზრდილი და სკვნილს ხმარობსო. და ამიტომ შევიყვანეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიო. მთელს საბჭოთა კავშირში მისი ძიება იყო გამოცხადებული. მაგრამ ღვთის მადლით ის დარჩა მორწმუნე ქრისტიანი და დღესაც რუსეთში მოღვაწეობს. ეს მოგახსენეთ იმიტომ, თუ რა შეუძლება ლოცვას. ფერისცვალება ხდება ადამიანში ლოცვის შედეგად. ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ უფალი ჩვენთან არს“, – ბრძანა პატრიარქმა.