პატრიარქი: “ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შედეგი ექნებოდა ჩვენს ცხოვრებას”მარტი 25, 2019

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო პარაკლისი სიონის ტაძარში გადაიხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

“დღეს არის განსაკუთრებული დღე, ისტორიული დღე, რომელიც აღემატება ისტორიულ ფაქტს და უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით  ჩვენი იმ დიდი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ამისთვის. ეს იყო პატრიარქი კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და მრავალი სხვა. საქართველომ ავტოკეფალია მიიღო ვახტანგ გორგასალის დროს, მეხუთე საუკუნეში და პირველი კათალიკოსი იყო პეტრე” – ამის შესახებ პატრიარქმა ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, დიდი კანონისტი, ბალსამონი ამბობს, რომ საქართველომ მიიღო ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიიდან და ამ საუკუნეებიის განმავლობაში, საქართველო სულ იცავდა დამოუკიდებლობას.

“ათას ხუთასი წელი დასჭირდა, რათა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს ეცნო ჩვენი ავტოკეფალია, ეს მოხდა პატრიარქ დიმიტრიოსის დროს, რომელიც მოღვაწეობდა ბართლომეოს I-ის წინ. ეს რომ არ ყოფილიყო, ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შედეგი ექნებოდა ჩვენს ცხოვრებას.

ღმერთმა დაგლოცოთ, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ თარიღს და ჩვენი წინაპრების ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!” – ბრძანა პატრიარქმა.