აია სოფიას ტაძარი, შესაძლოა, მეჩეთად გადაკეთდესმარტი 26, 2019

საბერძნეთის მთავრობა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინადადებით აღშფოთებულია, რომელიც აია სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას და მისთვის მუზეუმის სტატუსის მოხსნას ითვალისწინებს.

„ეს არა მხოლოდ ქრისტიანული სამყაროს დიდი ტაძარია, ის ასევე ეკუთვნის კაცობრიობას. იუნესკო-მ ის ჩვენი გლობალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც მის სტატუსს ეხება, არამარტო ქრისტიანების გრძნობების შეურაცხყოფაა, არამედ საერთაშორისო სამართლისაც“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ კატრუგალოსმა.

აია-სოფიას ტაძარი ბიზანტიის იმპერიის დროს, მეექვსე საუკუნეში აშენდა და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მოიაზრებოდა.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივით, სტამბოლში, აია სოფიას ტაძარს სტატუსი შეეცვლება. როგორც ადგილობრივი გამოცემა TGRT-ი წერს, ის მეჩეთად გადაკეთდება. ერდოღანის თქმით, ეს მისცემს ადამიანებს საშუალებას, რომ ტაძარი უფასოდ მოინახულონ.

„დღეს ყველა რელიგიის ტურისტს შეუძლია ლურჯ მეჩეთში უფასოდ შესვლა. ამიტომ მიდიან იქ. აია სოფიასთან მიმართებითაც შეიძლება იგივე გაკეთდეს”, – დასძინა ერდოღანმა.

მისივე თქმით, სტატუსი ტაძარს შესაძლოა, 31 მარტის მუნიციპალიტეტის არჩევნების შემდეგ შეეცვალოს.