პატრიარქი: აუტანლად მძიმეა სხვისი ჯვარიმარტი 31, 2019

დიდი მარხვის მესამე კვირაკეს, წმ. ორმეოცის შუაში, მართლმადიდებებლი ეკლესია დღესასწაულობს თაყვანისცემას პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო წირვის შემდეგ ჯვრის შესახებ იქადაგა და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გაიხსენა, რომელსაც დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა.

ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი თხოულობს ღვთისაგან სხვა ჯვარს, მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მძიმეა, აუტანლად მძიმეა სხვისი ჯვარი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმის თქმით, ეს ჯვარი ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა გამოსახოს.

„ამ კვირას, ამ კვირიაკეს ეწოდება ჯვრის თაყვანისცემა; ყოველი ადამიანი არის მატარებელი ჯვარისა. ღმერთმა ინებოს, რომ ბოლომდე მიიტანოთ თქვენი ჯვარი. ძალიან ხშირი შემთხვევა, როცა ადამიანი თხოულობს ღვთისაგან სხვა ჯვარს, მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მძიმეა, აუტანლად მძიმეა სხვისი ჯვარი. ადამიანის ცხოვრება უნდა გამოსახავდეს ჯვარს; ეს არის, სწრაფვა ღვთისაკენ, მაღლა ზეცისაკენ და ადამიანისაკენ. აი, ეს ჯვარი ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა გამოსახოს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა, ყოველმა ადამიანმა ბოლომდე მიიტანოს ჯვარი და გახდეს მკვიდრი სასუფევლისა.

დღეს განსაკუთრებული დღეა, დღეს შესრულდა 80 წლისა ზვიად გამსახურდია, პირველი პრეზიდენტი საქართველოსი. მძიმეა მისი ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში, ჩვენი ერისთვის“ – განაცხადა პატრიარქმა, რომელმაც პირველი პრეზიდენტის სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადა.