მოსკოვის საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქს ტომოსის გაწვევისკენ მოუწოდებსაპრილი 4, 2019

უკრაინის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის გადაცემის შესახებ, შეცდომა უწოდა და მსოფლიო საპატრიარქოს შეცდომის გამოსწორებისკენ მოუწოდა. ამის შესახენ “ინტერფაქს-უკრაინა” წერს.

სინოდი პატრიარქ ბართლომეოსს მოუწოდებს, აღიაროს საკუთარი შეცდომა და იმუშავოს მის გამოსწორებაზე.

უკრაინის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი იერარქების აზრით, ამ შეცდომის გამოსწორების საშუალებაა ტომოსის უკან გაწვევა, განდგომილებისადმი მოწოდება, რომ მოინანიონ და მართლმადიდებელთა საყოველთაო შეკრება მოიწვიონ უკრაინის ეკლესიის საკითხის კრების მეშვეობით გადასაწყვეტად.

სინოდის განცხადებით, უკრაინაში ვითარების ანალიზმა ცხადჰყო, რომ ტომოსს არ მოუტანია არც ერთობა, არც მშვიდობა და დაწყნარება. სამაგიოეროდ, მათი აზრით, მისი ნაყოფია ძალადობა, კონფლიქტები, წინააღმდეგობა, უკრაინის ეკლესიის მორწმუნეთა ცრემლი და ტკივილი.

სინოდი უკრაინის ხელისუფლებასაც მიმართავს, რომ არ ჩაერიოს საეკლესიო საქმეებში და არ გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება, ასევე გააუქმოს ახალი კანონის მოთხოვნა, კანონიკური ეკლესიისთვის სახელის გადარქმევის შესახებ.