მართლმადიდებელი ეკლესია ხარებას დღესასწაულობსაპრილი 7, 2019

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს – ხარებას აღნიშნავს. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად, მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.

დღეს ზეიმია სიყვარულისა, ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

“ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ეს არის ისეთი დიდი დღესასწაული, ხალხი ამბობს, რომ ფრინველიც, ჩიტიც ბუდეს არ იკეთებს, ადიდებს ღმერთსა. დღეს ზეიმია სიყვარულისა, ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ”,- ბრძანა პატრიარქმა.