ილია მეორემ სენაკიდან თბილისში ჩამოსული მომლოცველები დალოცააგვისტო 12, 2017

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ის პირები და მომლოცველები დალოცა, რომლებმაც სენაკიდან თბილისში წმინდა გიორგის ხატი ჩამოაბრძანეს.
პატრიარქმა ხატი აკურთხა და აღნიშნა, რომ ”ეს შესანიშნავი ხატია“.
„წმინდა გიორგის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამხნევოს, დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ღმერთმა დალოცოს ის ხალხი, რომელიც მუშაობდა ამ ხატის შექმნაზე”, – განაცხადა ილია მეორემ.
როგორც ხატის ავტორმა ემილიანე ჯიქიამ განაცხადა, ხატის შექმნაზე 9 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
მისივე თქმით, ხატი სენაკიდან ჯერ მცხეთაში, სვეტიცხოველში ჩააბრძანეს, დღეს საპატრიარქოში მიაბრძანეს, საპატრიაქოდან ჯერ სამებაში გადააბრძანებენ, შემდეგ მლეთაში და ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში.
”ეს ხატი შეიქმნა სენაკში, ადამიანების დიდი მონდომებით. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ ხატის შექმნაში. ხატი ბრძანდებოდა სვეტიცხოველში, ჩამობრძანდა თბილისში, მივაბრძანებთ სამებაში, სამებიდან წაბრძანდება მლეთაში”, – განაცხადა არქიმანდიტრმა დოროთე ყურაშვილმა.

წყარო: ipn.ge