“ღვთისმშობლის წილხვდომილობა არ არის უზრუნველყოფა უპირობო და უეჭველი გადარჩენისა”აპრილი 7, 2019

საქართველოს საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების, სამოქალაქო მშვიდობისა და კონსოლიდაციის, მისი შემდგომი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი განმარტავს, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს, წმინდა სინოდის განჩინებით, 12 მაისი გამოაცხადდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ამ დღეს რამდენიმე წელია, საქართველოს ეკლესია ანდრია პირველწოდებულის შემობრძანებს აღნიშნავს, ანუ ქრისტიანობის შემოსვლას და ეკლესიის დაარსების დღესასწაულს.

„ანდრია პირველწოდებული საქართველოში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით შემობრძანდა, რომელსაც შემდგომ აწყურის ღვთისმშობელი ეწოდა და ამ ხატის შესახებ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ეს ხატი იქნებოდა ღვთისმშობლის ნაცვალი და მფარველი ჩვენი ქვეყნისა, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ეს ნიშნავს, რომ თავად ღვთისმშობელი უხილავად შემობრძანდა საქართველოში ანდრია პირველწოდებულთან ერთად და თავად ღვითიმშობელი არის უპირველესი განმანათლებელი ჩვენი ერისა და რასაკვირველია, მფარველი მთელი მისი ისტორიის მანძილზე“, – განაცხადა მეუფე დანიელმა და „ქართლის ცხოვრებიდან“ ამონარიდი წაიკითხა.

მისი თქმით, ღვთისმშობელს წილად ხვდა ქართლის მოქცევა, ქრისტიანობის ქადაგება საქართველოში და ასევე მისი მფარველობა მთელი მისი ისტორიის განმავლობაში.

მისი თქმით, ღვთისმშობლის წილხვდომილობა არ არის უზრუნველყოფა უპირობო და უეჭველი გადარჩენისა, ეს არის საშუალება, ერმა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ეროვნული თვითმყოფადობა და განვითარდეს.

მღვდელმთავრის განცხადებით,  სწორედ იმას ემსახურება ამ დღესასწაულის დაწესება, რომ ქართველმა ერმა ზუსტად გააცნობიეროს,  რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვდომილობა, რომ ეს არის უპირველესად არა პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობა “და მხოლოდ ამ შემთხვევაში, როდესაც ერი გააცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, ქვეყანა დასძლევს ყველა იმ ხილულ თუ უხილავ წინააღმდეგობას, რომელიც მის გზაზე წარმოიქმნება“, – აცხადებს მეუფე.

მისი თქმით, სწორედ დღეს ჩვენს ერს სჭირდება თავისი სულიერი და ეროვნული ფასეულობების გაცნობიერება.

მეუფე დანიელი იმედს გამოთქვამს, რომ ეს დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების საქმეში, სამოქალაქო მშვიდობისა და კონსოლიდაციის და მისი შემდგომი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში.

1tv.ge