ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის შესახებ პარლამენტი იმსჯელებსაპრილი 7, 2019

პარლამენტს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც – იმედის დღე განისაზღვრება.

“შრომის კოდექსში“ ცვლილებები ინიცირებისთვის პარლამენტის ბიუროს 8 აპრილის სხდომაზე გავა.

“საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მატიანე “ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს შემდეგს: – “შემდგომად უფლის ამაღლებისა, რაჟამს მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ივერიაში სამოგზაუროდ განმზადებულ ზეციურ დედოფალს გამოეცხადა უფალი და უბრძანა, რომ დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოეგზავნა მოციქული ანდრია პირველწოდებული. ხელთუქმნელი ხატის, შემდგომში აწყურისად წოდებულის, შესახებ მაცხოვარმა ბრძანა, რომ იგი ღვთისმშობლის წილ ანუ მის ნაცვლად დამკვიდრდებოდა ქართველთა მცველად უკუნისამდე ჟამთა ანუ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე“.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია. საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად – ეროვნულ დღესასწაულს. სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა. შესაბამისად, ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და საყოველთაო ზეიმის ხასიათს იძენს.

ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა – ანუ იმედისა. მშვიდობისა და კეთილდღეობის იმედი, ახლობელი და გამაერთიანებელია ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას – იმედის დღე“, – ნათქვამია მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტის განმარტებით ბარათში.

IPN.GE