“უნდა ვიმსჯელოთ, როგორ ჩადგეს სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება ჭეშმარიტების სამსახურში”აპრილი 11, 2019

არავინ არ უნდა ცდილობდეს თავი ძალიან თავისუფლად იგრძნოს ღვთის წინაშე, უფრო მეტიც, ითავხედოს და ხალხი წარმოაჩინოს, როგორც უგუნური მასა, რომელსაც გამოიყენებ საკუთარი პოლიტიკური, ფინანსური თუ სხვა მიზნებისთვის, – ამის შესახებ დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელთმსახურმა მამა გიორგი ფირცხელანმა სამების ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ადამიანის ქვეყანაზე მოვლინება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ეს ადამიანი მაქსიმალურად დაუახლოვდეს, დაემსგავსოს უფალს და შესაბამისად, უნდა გაიმიჯნოს ძალადობის გამოვლინებებისგან, იმისგან, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაშია. ძალიან დიდი როლი უკავია მასობრივი საინფორმაციო საშუალებების საქმიანობას ჩვენი საზოგადოების ამ უმთავრესი მიზნის მიღწევაში. მოგეხსენებათ, რომ დღეს, ალბათ, ყველა ამჩნევთ, რომ ტენდენცია არის აგრესიის დაგროვების, ძალადობისკენ მოწოდების. საზოგადოების მოწყვლადი ფენები, რომლებიც სხვადახვა სოციალური თუ სხვა ყოფითი პრობლემებით დამძიმებულები, უკმაყოფილო არიან, მათში ხდება აგრესიის დაგროვება, პირდაპირი ეთერიდან ისმის აგრესიული მოწოდებები, ბილწსიტყვაობა, ცილისწამება. ჩვენ კარგად გვახსოვს თუ რა როლი შეასრულა ტელევიზიამ იმისთვის, რომ მოზარდი ახალგაზრდობა წასულიყო კრიმინალისკენ, ძალადობისკენ და ჩვენს საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მოკლე მეხსიერება და ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს საზოგადოების მორწმუნე ნაწილს, რომ გაემიჯნონ ძალადობას“,- განაცხადა მამა გიორგი ფირცხელანმა.

მამა გიორგიმ დღევანდელი შეხვედრის არსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსჯელობა იქნება იმ საკითხებზე თუ როგორ უნდა ჩადგეს ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი, განძი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება ჭეშმარიტების სამსახურში და როგორ არ უნდა იყოს გამოყენებული სხვადასხვა მიზნებით, ინტერესებით მართული ადამიანების მიერ ბოროტად.

პავლე მოციქული გარკვევით ამბობს, რომ ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს არა ადამიანების მიმართ, არამედ იმ ძალადობის, ბოროტების აღმძვრელი ძალების მიმართ, რომლებიც მოიხსენიება იესო ქრისტეს მიერ, როგორც ბჭენი ჯოჯოხეთისანი და სწორედ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ ეკლესიას, ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს და არავინ უნდა ცდილობდეს თავი ძალიან თავისუფლად იგრძნოს ღვთის წინაშე, უფრო მეტიც, ითავხედოს და ხალხი წარმოაჩინოს, როგორც უგუნური მასა, რომელსაც გამოიყენებ საკუთარი პოლიტიკური, ფინანსური თუ სხვა მიზნებისთვის, ხოლო შემდეგ მიაგდებ. ამიტომაც, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ უნდა ჩადგეს ჩვენი ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი, განძი, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება ჭეშმარიტების სამსახურში და როგორ არ უნდა იყოს გამოყენებული სხვადასხვა მიზნებით, ინტერესებით მართული ადამიანების მიერ ბოროტად“,- განაცხადა მამა გიორგიმ.