ალექსი I-ის პორტრეტზე საპატრიარქო განმარტებას აქვეყნებსაპრილი 11, 2019

საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ ვებგვერდზე განმარტავს, რატომ კიდია საპატრიარქო რეზიდენციის ერთ-ერთ კედელზე რუსეთის პატრიარქის – ალექსი I-ის პორტრეტი, რის შესახებაც სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებებში დღეს არაერთი მოსაზრება გამოითქვა. აღნიშნული ფაქტის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრიარქომ თავისსავე გვერდზე გაავრცელა  პატრიარქისა და ბიძინა ივანშვილის დღევანდელი შეხვედრის ამსახველი ფოტო, რომელზეც ალექსი პირველის პორტრეტიც მოხვდა. 

“საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციის ერთ-ერთ შესასვლელ ოთახში კედელზე კიდია ორი პირველიერარქის ფერწერული პორტრეტი, რადგან მათ სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცნობა. ესენია:

რუსეთის ეკლესიის მეთაური ალექსი I, – მან 1943 წელს აღიარა  1917 წელს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტი და

მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი დიმიტრიოსი, რომელმაც 1990 წელს საპატრიარქო სიგელებით დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა უძველესი დროიდან.

ასე რომ, ნებისმიერი პირი კადრში შეიძლება მოხვდეს როგორც ერთ, ისე მეორე პირის პორტრეტთან” – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განმარტებაში.

საპატრიარქოს განცხადების თანახმად, დღეს კათოლიკოს-პატრიარქისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ფოტოზე, უკანა პლანზე,  ჩანს პატრიარქ ალექსი I-ის სურათი, რაც ზოგიერთებისთვის ქილიკის მიზეზი გახდა.

“სამწუხაროდ, ბოლო დროს  ეკლესიის მიმართ უსაფუძვლო, ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ქმედებები არის გახშირებული და ცალკეული პიროვნებების დღევანდელი კომენტარებიც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

P.S. კადრში ჩანს ორივე პატრიარქის ფერწერული ტილო.” – აღნიშნულია განცხადებაში.