“სამების ტაძრის მოხატვაში, შესაძლოა, რამდენიმე ჯგუფი ჩაერთოს”აპრილი 12, 2019

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვაზე, ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, ხოლო მთელი ტაძრის მოხატვის პროცესში, შესაძლოა, რამდენიმე ჯგუფი ჩაერთოს.

ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, დანარჩენი დეტალები მხოლოდ დამკვეთი ჯგუფისა და მხატვრის ურთიერთობაში გაირკვევა. მისივე თქმით, ამ დეტალებსა და ფინანსურ საკითხებს ტაძართან არავითარი შეხება არ აქვს.

„ჯერჯერობით სამების საკათედრო ტაძრის მხოლოდ საკურთხეველია მოხატული, ისიც არ არის ბოლომდე დასრულებული. საკურთხეველის მოხატვა, დაახლოებით, 2017 წლის თებერვალში დაიწყო, მოხატული კი, 1000 კვადრატზე მეტია. მოხატვა რამდენიმე თვეში დასრულდება, შემდგომ გეგმაში უკვე გუმბათის მოხატვა იყო, მაგრამ გადაწყდა, რომ მთელი ტაძარი მოიხატება. საკურთხეველს ამირან გოგლიძე ხატავს და მას მხოლოდ ერთი ადამიანი ეხმარება. არ ვიცით, რამდენი ხანი დასჭირდება მთელი ტაძრის მოხატვას. აქ შეიძლება, უკვე სხვადასხვა ჯგუფი ჩაერთოს, რათა უფრო ჩქარი ტემპით მოიხატოს”, – აღნიშნა არქიმანდრიტმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

როგორც ცნობილია, სამების ტაძრის მოხატვის სრულად დაფინანსების შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან შეხევდრის დროს განაცხადა.