PRIMETIME: დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება იგეგმებააპრილი 13, 2019

საინფორმაციო სააგენტო “პრაიმტაიმი” სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პატიმარი დეკანოზის გიორგი მამალაძის შეწყალება იგეგმება, საპატრიარქო კი, მზად არის, მისი შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს მიმართოს.

სააგენტოს ინფორმაციით, დეკანოზი საპატიმროს, სავარაუდოდ, შუალედურ არჩევნებამდე დატოვებს, რომელიც 19 მაისს გაიმართება.

“პრაიმტაიმთან” საუბარში დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოსალოდნელ შეწყალებაზე კონკრეტულად ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ “ამდაგვარი რაღაც ზოგადად არის, მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ ერთი მხარე – ამ შემთხვევაში პრეზიდენტი, ელოდება შუამდგომლობას საპატრიარქოს მხრიდან. დანარჩენი, რა მოლაპარაკება მიმდინარეობს მათ შორის, ნამდვილად ვერ გეტყვით. თუ საპატრიარქოს შუამდგომლობა დააკმაყოფილებს პრეზიდენტს, მაშინ მოგვიწეროს ხელი საპატრიარქომ.- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სასულიერო პირის მოსალოდნელ შეწყალებაზე ინფორმაცია არ აქვს საპატრიარქოს იურისტს ედიშერ ქარჩავას, რომელმაც “პრაიმტაიმს” უთხრა, რომ არც გაუგია რამე მსჯელობა თუ იყო ამ თემაზე. “რაც შეეხება ჩემს პოზიციას, დეკანოზს ადვოკატები ჰყავს და იბრძოლონ სამართლებრივი მეთოდებით. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ.- განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე არ გადაწყვეტილა შეწყალების კომისიის ბედი. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას – კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავიდეს, უწყებიდან ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია. თუმცა პრეზიდენტს ყველა შემთხვევაში რჩება დისკრეციული უფლება პირადადაც, მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ქეისზე. შესაბამისად, თუ მას საპატრიარქო მიმართავს მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით, დიდი ალბათობით, ის ამას დააკმაყოფილებს.

ვრცლად
primetime.ge