ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაზე დამსწრებთათვის საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებსაპრილი 15, 2019

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, ვისაც ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაზე დასწრების სურვილი აქვს.

საელჩოს განცხადებით, წელს, ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია 27 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში გაიმართება და მას ათასობით მომლოცველი დაესწრება.

„მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ყოველ წელს ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს უსაფრთხოებისათვის იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ამ დღისათვის ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან.

ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად და შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალა.

აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.

მოქალაქეები უნდა მოერიდნონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების“ – ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „ბრასლეტების“ მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

IPN.GE