ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩა, ტაძრის აღსადგენად მდიდარი ადამიანები თანხებს გამოყოფენაპრილი 16, 2019

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ლიკვიდირებულია. ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია. როგორც ნოტრ-დამის პრესმდივანმა ანდრე ფინომ განაცხადა, რელიკვიები საეკლესიო საცავებში ინახება და მათ არაფერი ემუქრებათ.

ამ ეტაპზე ჯერ უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. ხანძრის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

ფრანგი მილიარდერების, არნოების ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ბერნარ არნო 2018 წელს ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.

ფრანგი მილიარდერის, პინოების ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს.  პინოების ოჯახი კომპანიებს Artemis და Kering ფლობს.