12 მაისს მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი საზეიმოდ გაიხსნებააპრილი 16, 2019

12 მაისს მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი საზეიმოდ გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ეთერში თბილისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით დათუაშვილმა განაცხადა.
“თავისთავად, ამ დღეს იქნება ძალიან დიდი ზეიმი. შესრულდება საღმრთო ლიტურგია. ამას მოყვება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ ერის დალოცვა. ამ დღის აღსანიშნად, საქართველოშო მოწვეულები იქნებიან მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები. პირველ რიგში, ეს იქნება სულიერების ზეიმი” – განაცხადა დეკანოზმა დავით დათუაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2018 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

თბილისში, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2012 წლის 17 აპრილს დაიწყო.

ტაძრის მშენებლობის იდეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 2010 წლის 24 მაისს ფონდ “იავნანას” აქციაზე გააჟღერა.