პატრიარქი ილია II რომის პაპს თანაუგრძნობსაპრილი 16, 2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რომის პაპს ფრანცისკეს თანაუგრძნობს. ილია მეორეს რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურისდამი მიმართვის ტექსტი საქართველოს საპატყრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მის უწმინდესობას, რომის პაპ ფრანცისკეს. თქვენო უწმინდესობავ, გამოვთქვამთ ჩვენ გულისტკივილს და თანაგრძნობას პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყოველივე მალე აღდგება და განახლდება.

შევთხოვთ ღმერთს, ყველა ადამიანში განახლდეს და აღდგეს რწმენა, სასოება და სიყვარული. ლოცვასა შინა თქვენი მომხსენებელი, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე“ – აღნიშნულია მიმართვაში.