“ჩვენ დღეს ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, მაგრამ არის საშუალება, რომ საქართველომ კვიპროსში ააშენოს მონასტერი”აპრილი 18, 2019

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კვიპროსის პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადისს უმასპინძლა და საქართველოში მის ვიზიტს ისტორიული უწოდა.

„თქვენი ვიზიტი ისტორიული ვიზიტია, პირველი ვიზიტი კვიპროსის მეთაურის საქართველოში.

ურთიერთობა, რომელიც პირველი საუკუნეებიდან ჩამოყალიბდა, მთელი ისტორიის განმავლობაში გრძელდებოდა. თქვენი ვიზიტი არის გაგრძელება იმ უძველესი კულტურული და სულიერი თანამოღვაწეობისა, რომელიც ჩვენ შორის იყო,“ – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა კვიპროსის პრეზიდენტსა და მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ს ღალიის მონასტერთან დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ იქ ქართული მონასტერი მალე აშენდება.

„ბოლო პერიოდში გაძლიერდა ქართველების კვიპროსზე ჩამოსვლა და ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ბრძანებით, საქართველოს ეკლესიას გადაეცა მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი მონასტერი აშენდება.

ჩვენ დღეს ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, მაგრამ არის საშუალება იმისა, რომ საქართველომ ააშენოს მონასტერი. ეს იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი ჩვენი დაახლოებისა. მადლობელი ვართ თქვენი გადაწყვეტილებისათვის და ვეცდებით, რომ ეს მონასტერი მალე აშენდეს,“ – განაცხადა კათალიკოს-პატრიარქმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და კვიპროსის მსგავსად, დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც. მან  პრეზიდენტს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნები მშვიდობიანი გზით აღიდგენენ მთლიანობას.

რაც შეეხება კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისმა ილია II-ს კვიპროსის მთავარეპისკოპოსის მოკითხვა გადმოსცა და განაცხადა, რომ კვიპროსი მომავალშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება.