20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავსაპრილი 19, 2019

მართლმადიდებელი ეკლესია შაბათს, 20 აპრილს, მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულის – ბზობის წინა დღეს “ლაზარეს შაბათს” აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა იესო ქრისტემ მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ამ ფაქტის შესახებ წმინდა წერილში, იოანე მახარებელთან არის მოთხრობილი. უფალს მართალი ლაზარეს აღდგინებით სურდა, მკვდრეთით აღდგომის სასწაული ეჩვენებინა, თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები.

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, ის კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით.