ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს და საპატრიარქოში ბრუნდებააპრილი 19, 2019

ლაშა ჟვანია 1-ელი მაისიდან დატოვებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და მუშაობას საპატრიარქოში განაგრძობს. ამის შესახებ ის თავის „ფეისბუქგვერდზე“ წერს.

„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია. ჩემს მეგობრებს კარგად გახსოვთ, რომ პრეზიდენტმა მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს, რომ მე გადავსულიყავი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ წერილს დავურთე ჩემი “განცხადებისმაგიერი” ღია მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი. მისმა უწმიდესობამ დააკმაყოფილა პრეზიდენტის მიმართვა – გადავსულიყავი ადმინისტრაციაში, მაგრამ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება პატრიარქის ფონდიდან გათავისუფლების შესახებ. ახლა, პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან. ახალი დავალებაც გვაქვს – ფონდი ორიენტირებული იქნება რეგიონებში, საპატრიარქოს მონასტრებთან მეწარმეობის განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, სწავლებაზე, მომზადებასა და ხელშეწყობაზე. კონკრეტულ პროგრამას წარვუდგენთ ფონდის მმართველ საბჭოს.“, – წერს ჟვანია.