იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად ჯგუფი მიემგზავრებააპრილი 21, 2019

მომლოცველთა ჯგუფი, რომელიც იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად გამთენიისას მიემგზავრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში დალოცა.

ორგანიზაცია “პილიგრიმ ტურსის” დირექტორის ცისანა (ციცო) გემაზაშვილის თქმით, მომლოცველები ისრაელიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში შაბათს, 27 აპრილს, ღამის თორმეტი საათისთვის ჩამოაბრძანებენ.

“მთელი ვნების კვირეული ჩვენ ვიქნებით წმინდა მიწაზე, ყველა ქრისტიანის სულიერ სამშობლოში. დავესწრებით ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლას დიდ შაბათს და არაუგვიანეს ღამის თორმეტი საათისა, ჩვენს მიერ ჩამობრძანებული მადლმოსილი ცეცხლი უკვე გადაცემული იქნება პატრიარქისთვის სამების საკათედრო ტაძარში“, – განაცხადა გემაზაშვილმა.

როგორც ცნობილია, ზეციური ცეცხლი იერუსალიმში ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს  აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე გადმოდის. ამ სასწაულის სანახავად და მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იერუსალიმში მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და მოუთმენლად ელიან ამ უდიდესი სასწაულის კვლავ განმეორებას.