ვნების შვიდეული – რა სახის მსახურება სრულდება ტაძრებში აღდგომის წინა დღეებშიაპრილი 22, 2019

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დარჩენილ ექვს დღეს ვნების კვირა ეწოდება იმის აღსანიშნად, რომ სწორად ვნების შვიდეულში მოხდა იესო ქრისტეს ჯვარცმა.

ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა, რომლებზეც ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე.

ვნების შვიდეულის ხუთშაბათს ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა: ამ დღეს იესო ქრისტემ მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი თორმეტი მოწაფისა და დააწესა ზიარების საიდუმლო (ლუკა 22, 8-20). ყველა ქრისტიანი ცდილობს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. ამავე დღეს პატრიარქი ასრულებს ფეხთბანის რიტუალს. კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს ფეხებს. ამითი ჩვენ ვიხსენებთ, როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს თავმდაბლობის ნიშნად (იოანე 13, 4-10).

დიდი პარასკევი (წითელი პარასკევი) ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

დღის ორ საათზე ეკლესიაში სრულდება ე.წ. „გარდამოხსნის გადმოსვენება“ – იესო ქრისტეს სხეულის ჯვარიდან გადმოხსნის რიტუალი.

საღამოს იკითხება „თორმეტი ვნების სახარება“, ანუ ყველა ის ადგილი სახარებიდან, სადაც აღწერილია უფლის წმიდა ვნება ჯვარზე. ამ დღეს მორწმუნეები კვერცხს წითლად ღებავენ.

ვნების შვიდეულის შაბათს, რომელსაც „დიდ შაბათს“ ვუწოდებთ, დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ ვემზადებით იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.