პატრიარქი ილია II – ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმააპრილი 25, 2019

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მადლობის შესახებ იქადაგა. ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, – ბრძანა პატრიარქმა და მრევლს წმინდა ზიარების მიღება მიულოცა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა. ის დღეა, მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და მათ შორის, აზიარა იუდა ისკარიოტელი. წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელი ზიარების შემდეგ გამოვიდა და გასცა მაცხოვარი. იმას რომ მადლობა შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღებისათვის, ის ვეღარ გასცემდა, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში.

ჩვენ უფრო ვთხოულობთ. არსებობს თხოვნითი კვერექსი, რასაც ჩვენ ვთხოულობთ, ის არის მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის და აი დღეს, როცა ჩვენ ვეზიარეთ წმინდათა საიდუმლოთა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს“, – ბრძანა პატრიარქმა.