საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ბრიუსელში ახალი ტაძარი გადაეცააპრილი 29, 2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, ბრიუსელში ახალი საკათედრო ტაძარი გადაეცა. ტაძარში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღესრულება. მე-19 საუკუნის ნაგებობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ეპარქიამ უსასყიდლოდ მიიღო. დოკუმენტაციის მზადება დასკვნით ეტაპზეა. ცვლილებები შეთანხმებაში აღარ შევა და ძალიან მალე ბრიუსელში საზეიმო ხელმოწერაც შედგება.

“ჩვენ მივმართეთ კათოლიკურ ეკლესიას, მათ აქვთ ეკლესიები, რომლებიც მრევლის ნაკლებობას განიცდის, იყო საეკლესიო საბჭო, მაგრამ უკვე ძალიან ხანდაზმული. ვთხოვეთ, ხომ არ შეიძლებოდა ქართულ საზოგადოებას გადასცემოდა, ვესაუბრეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, გვჭირდებოდა მისი ლოცვა- კურთხევა. ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, აქაურმა მიტროპოლიტმა მეუფე ათენაგორასიმ“, – განაცხადა ეპისკოპოსმა დოსითეოსმა “იმედის კვირასთან” საუბარში.

მისი თქმით, ტაძარი უსასყიდლოდ გადაეცათ, მაგრამ ეპარქიას მისი შენახვის ხარჯების საკუთარ თავზე აღება მოუწევს, რაც ტაძრის მასშტაბიდან გამომდინარე მცირე თანხა არ არის, ამიტომ ეპარქიას შემოწირულობის იმედი აქვს. მეუფემ მიიღო ასევე თანხმობა ტაძრის მართლმადიდებლურ ყაიდაზე გადაკეთების შესახებ.

ბრიუსელში სააღდგომო ლიტურგია ახალ საკათედრო ტაძარში ჩატარდა. სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა დოსითეოსმა აღავლინა. გალობა ქართულ ენაზე თბილისიდან ჩამოსული სასულიერო პირებისა და ევროპაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით შესრულდა.