მეუფე იოანე – დავით გარეჯის შესახებ: “პრობლემის მშვიდობიანი დაძლევა შესაძლებელია”აპრილი 29, 2019

რუსთველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ წინდახედულებასა და გონიერებას თუ გამოვიჩენთ და არგუმენტირებული იქნება ჩვენი საუბარი, შესაძლებელია პრობლემის დაძლევა მშვიდობიანად. ამის შესახებ მან „ინფორუსთავს“ განუცხადა.

„ეს პრობლემა არის შექმნილი, რომელიც საუკუნეების მანძილზე არ ყოფილა. მათ შორის, არც საბჭოთა კავშირის დროს. შესაძლებელია ინახოს ადმინისტრაციული საზღვრების იმ დროინდელი რუკები და საზღვარი, რომელიც გადიოდა – არასოდეს ყოფილა სადავო. თუმცა, რაღაც მიზეზთა გამო, ხალხისაგან დაფარულად მოხდა ამ საზღვრის გადანაცვლება. მგონია, რომ ეს საკითხი უნდა გაარკვიოს ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ, რადგან საუკუნეების მანძილზე გარეჯის უდაბნო იყო ქრისტიან მართლმადიდებელ ბერთა სავანე იყო. საზღვართან დაკავშირებული მოვლენა უფრო პოლიტიკური მოვლენაა, გაუგებრობაც არის და უცხო ძალების ჩარევის შედეგიც. იმდენი მაინც უნდა იცოდნენ, როდესაც ამბობენ, რომ ალბანური ძეგლია, ალბანელებს თავისი დამწერლობა ჰქონდათ და იქ ალბანური წარწერები უნდა ყოფილიყო. ვინც აშენებს ტაძარს, თავის კვალს ტოვებს – ეს კვალი კი იქ არ ჩანს. აზერბაიჯანული ტომი ალბანური წარმომავლობის არ არის – ეს ცნობილია. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ გვერდიგვერდ ვცოვრობთ და პრობლემა არ გვქონდა. მაშ, დღეს რა ხდება? დღეს დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესები იკვეთება და მცირე ქვეყნების თავზე ტყდება ჯოხი. თუ ჩვენ გამოვიჩენთ წინდახედულ გონიერებას და არგუმენტირებული იქნება ჩვენი საუბარი, შესაძლებელია პრობლემის დაძლევა მშვიდობიანად. ეს ჩვენგანაც და მათგანაც გარკვეულ დიპლომატიურ გამოცდილებას მოითხოვს და ურთიერთინტერესთა გათვალისწინებას. მდგომარეობა მოგვარებადია. ასევე სხვა პრობლემების გადაწყვეტაც ამასვე მოითხოვს. უნდა მოხდეს იმ გარეშე ძალების განეიტრალება, რომლებიც არიან ამ საკითხებში ჩარეული” – აცხადებს მეუფე იოანე.